Involvement of Georgia in the European Transport Space will Contribute to the Country’s Economical Developmen

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო,  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების  გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში ტრანსპორტთან დაკავშირებული დირექტივების შესწავლას და შემდგომში მათ თანდათანობით დანერგვას. ევროკავშირის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას: საქართველო  ორი დიდი ბაზრის  - ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
 
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულება  პირველ რიგში, ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებას და ევროპულ სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ქვეყანას მოუწევს ამ ვალდებულებების დაუყონებლივ აღსრულება, რაც მცდარი ინფორმაციაა. ასოცირების შესახებ შეთანხმების  თავს ახლავს დანართები, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვადები. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება  შეთანხმებული ვადების მიხედვით, და რაც მთავარია ეტაპობრივად მოხდება. ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის -  საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზიციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე. 
 
აღსანიშნავია, რომ ევროპული დირექტივების დიდი ნაწილი ეხება საავტომობილო ტრანსპორტს, კერძოდ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების (9 ადამიანზე მეტი) სფეროებში არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების გაუმჯობესებას. საქართველოში უკვე ხდება ციფრული ტაქოგრაფების დანერგვა და შეიძლება ითქვას, რომ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული მოთხოვნები უკვე შესრულებულია. ევროკავშირის კანონმდებლობით, ციფრული ტაქოგრაფების გამოყენება სავალდებულოა იმ ავტომობილისთვის, რომელსაც 3.5 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს, ან მინიმუმ 9 მგზავრი გადაჰყავს.
 
ეს საკონტროლო მექანიზმი აფიქსირებს ავტომობილის სიჩქარეს და მძღოლის სამუშაო და დასვენების საათებს. საქართველოში  ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების პროექტი, რომელიც  ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების  დანერგვას ითვალისწინებს. პროექტი მიზანია ხელი შეყწყოს საქართველოს და ტრასეკა-ს სხვა ქვეყნებს  შესაბამისი კანონების, საერთაშორისო პროცედურებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას. 
 
სატრანსპორტო სფეროში უსაფრთხოების რეგულაციების გაუმჯობესება და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების გაძლიერებას, იქ დასაქმებული ადამიანების ცოდნისა და უნარების გაუმჯოებესებას. მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებულობის გაზრდა ამ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროში ევროპასთან თანდათანობით ინტეგრაციას,  ჩვენი სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას, საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა სუბიექტის,  შშმ პირების, ქვეითად მოსიარულეთა და ბავშვების უფლებების დაცვას. ამასთან, საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტში ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში და მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის მიმღები ქვეყანა გახდეს. ასოცირების შეთანხმება ტრანსპორტის კუთხით ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ოთხი ძირითადი პირობის შესრულებას მოითხოვს. ესენია: ტექნიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ფინანსური პირობები. ტექნიკური პირობების შესრულებისას მთავარი მოთხოვნა საავტომობილო ტრანსპორტის, კერძოდ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების  (9-ზე მეტი ადამიანი) ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟება და გამოყენებაა. 
 
გადაჭარბებული სიჩქარე საქართველოში საგზაო ავარიების ძირითადი მიზეზს რომ წარმოადგენს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების ტრანსპორტზე მოდის  საქართველოში ავტო ავარიებისას მძიმედ დაშავებულთა და ფატალური შემთხვევების უმეტესი ნაწილი. საქართველო ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს კარგავს საგზაო ავარიების შედეგად. 
 
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების  თანახმად,სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ტრანსპორტისთვის უნდა მოხდეს 6 წლის ვადაში, ხოლო საერთაშორის გადაზიდვების და პირველად დარეგისტრირებული ტრანსპორტისთვის ორი წლის ვადაში. 
 
ევროპის სატრანსპორტო სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
 
გელა კვაშილავა
 
ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის (http://safedrive.ge)
 
ბრიტანული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი და კონსულტანი (http://www.easst.co.uk

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.