ყოველდღიურად საქართველოს გზებზე საშუალოდ ორი ბავშვი ხდება საგზაო შემთხვევის მონაწილე

2013 წლის მაისში ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ჩაატარა კვლევა ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით. კვლევა ჩატარდა საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და თელავში. კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა საქართველოში არსებული პრობლემები 12 წლამდე ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით, გაგვეანალიზებინა ბავშვების ავტომობილის წინა სავარძელში დასმის უარყოფითი მხარეები და სხვა ქვეყნების გამოცდილება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 59.6% მგზავრობს ავტომობილის წინა სავარძელზე, აქედან 15% ღვედის გარეშე. რეგიონებში კი 70%-ზე მეტი ბავშვი ზის ავტომობილის წინა სავარძელზე, მათ უმეტესობას ასევე ღვედი არ უკეთია. მსოფლიოს მასშტაბით 96 ქვეყანამ მიიღო კანონი ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ, რაც გულისხმობს ბავშვების წინ დასმის აკრძალვასა და უკანა სავარძელში სპეციალური ბავშვთა დამჭერი სავარძლის აუცილებელ გამოყენებას. ამ ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის 32% ანუ დაახლოებით 2.2 მილიარდი ადამიანი მოისაზრება.
აღნიშნული პრობლემა კი იწვევს ბავშვთა სიკვდილიანობასა და ტრავმატიზმს საგზაო შემთხვევების დროს. 2012 წელს საქართველოს გზებზე 669 ბავშვი გახდა საგზაო შემთხვევის მონაწილე. კვლევა გვაძლევს საშუალებას პარლამენტს და დაინტერესებულ  მხარეებს მივცეთ რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებს  საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებასა და დანერგვას - ბავშვის წინა სავარძელზე დასმის აკრძალვის შესახებ, ასევე  სპეციალური სავარძლის გამოყენებას უკანა სავარძელზე. ამ საკითხების  ფორმულირება უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჩარჩოებში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს სიტუაციას ბავშვთა უსაფრთოებს კუთხით. საჭიროა, კანონში მკაფიოდ განიმარტოს და აიკრძალოს 12 წლამდე ბავშის წინდასმა გამონაკლისი შემთხვევის ჩათვლით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ბავშვის დამჭერი სპეციალური მოწყობილობის სავალდებულო შემოღება მსუბუქი ავტომობილის უკანა დასაჯდომზე (გარკვეული პერიოდის შემდგომ).
საქართველოში ავტო საგზაო შემთხვევებისას ბავშვების დაშავების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბავშვების გადაყვანა ავტო სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და წესების დაცვით არ ხდება. საქართველოს კანონმდებლობაშიც არ არის ნათლად გაწერილი კანონი, რომელიც 12 წლამდე ბავშვის ავტომობილის წინა სავარძელში დასმას აკრძალავს. კერძოდ კი, საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" 41-ე თავის მე-9 მუხლში აღნიშნულია, რომ "აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტოციკლის უკანა დასაჯდომით და მსუბუქი ავტომობილის წინა დასაჯდომით (თუ ავტომობილს არ აქვს ბავშვის დამჭერი სპეციალური მოწყობილობა)." გაუგებარია, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ ბავშვის დამჭერ სპეციალურ მოწყობილობაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ღვედი თუ ბავშვთა სპეციალური სავარძელი, ბავშვების ავტომობილის წინა სავარძლით გადაყვანა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
საქართველოს სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მხრივ შემაშფოთებელია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით (მოწოდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ), 2011 წელს გარდაიცვალა 15 და დაშავდა 577 ბავშვი (16 წლამდე), 2012 წლის მონაცემებში კი ეს რიცხვი გაზრდილია - 18 გარდაცვლილი და 651 დაშავებული ბავშვი. აქედან 6 გარდაცვლილი და 262 დაშავებული ბავშვი ფეხითმოსიარულე იყო, ხოლო დანარჩენი 12 გარდაცვლილი და 389 დაშავებული ავტომობილში მსხდომი.

ერთად გადავარჩინოთ ბავშვთა სიცოცხლე საქართველოს გზებზე!

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.