ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ახალციხეში

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენლებმა ახალციხეში ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისში საგზაო უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაცია ფონდის ორ პროექტს "მეგობრული გზები" და "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ეხებოდა. ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და ღამის საგზაო სანათები.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და "ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის" დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.