საქართველოს გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმების შესამცირებლად დაიწყო ინოვაციური პროექტი "მეგობრული გზები"

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ორგანიზაცია "ელვა" ამერიკული ორგანიზაცია East West Management Institute-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით იწყებს ახალ ინოვაციურ პროექტს სახელწოდებით "მეგობრული გზები". პროექტის მიზანია აღმოიფხვრას შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავი წერტილების დადგენა და აღმოფხვრა, არის გაერო-ს მიერ გამოცხადებული 2011-2020 წლების საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი. რადგანაც საქართველოში ავარიების რიცხვი 2012 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონებში არსებული პრობლემები. 2012 წელს სულ 5359 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც გარდაიცვალა 605 ადამიანი, ხოლო დაშავდა 7734.
პროექტი "მეგობრული გზები" ითვალისწინებს ვებ-პორტალის www.megobruligzebi.ge შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი და ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის და სახელმწიფო ორგანიზაციისთვის. პროექტის კამპანიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დამონტაჟდება, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების გამართვა, სატელევიზიო და რადიო გადაცემის მომზადება.
ფონდი გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებში, და გამოაგზავნოთ ინფორმაცია შავი წერტილების შესახებ.
მხოლოდ ერთად, ყველას ძალისხმევით არის შესაძლებელი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოში!
პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და ინფორმაცია შემდეგ იმეილებზე: info@safedrive.ge, jonne@myelva.com, georoadsafety@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე +995 558240401, +995 599062211. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.