მძღოლებს “ზებრაზე” მოძრაობის წესების დარღვევისთვის არ აჯარიმებენ

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ. “ზებრაზე” მოქალაქეს გზას არ უთმობს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 20 ლარით უნდა დაჯარიმდეს. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლების უმრავლესობა ამ წესს არ იცავს, პატრულის მიერ კანონის აღსრულება არ ხდება.

33 წლის მაია გიოშვილი ფეხით ხშირად დადის და საავტომობილო გზის გადაკვეთა დღეში რამდენჯერმე უწევს. “ზებრასთან”, რომელიც შუქნიშნით არ რეგულირდება, მას მანამდე უწევს დგომა, სანამ მანქანების ნაკადი არ ჩაივლის.


“ძალიან სახიფათოა გადასვლა იქ, სადაც შუქნიშნები არ არის. როგორც წესი, არცერთი მძღოლი არ აჩერებს. აი, პლეხანოვზეა რამდენიმე გადასასვლელი და იქ საერთოდ საშინელებაა, დიდი მოძრაობაა და გაფაციცებით უნდა იყურო აქეთ-იქით, რომ არ დაგეჯახონ. ეგ კი არა, ზოგჯერ შუქნიშანზეც არ აჩერებენ ხოლმე, როცა ქვეითად მოსიარულეს აქვს მწვანე”,- ამბობს მაია.


მაია მიიჩნევს, რომ მისი, როგორც ქვეითის უფლება ყოველდღიურად უხეშად ირღვევა, მაგრამ ამისთვის პასუხს არავინ აგებს.


მოქმედი კანონი მაიას და ყველა ქვეითად მოსიარულის ამ კონკრეტული უფლების დარღვევისთვის 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე პუნქტში წერია:


“მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით”.


"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი სოფო ვერძეული განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებულია ჯარიმა, თუკი მოძრაობაში მონაწილე პირი არღვევს ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლის წესს. ხოლო ის, თუ რა იგულისხმება ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობის წესის დარღვევად, ეს მოცემულია კანონში, რომელიც არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესებს.



“ეს წესი ამბობს, რომ პირი, რომელიც გადაადგილდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ქვეითთა გადასასვლელზე ვალდებულია დაუთმოს ქვეითს გზა, საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და მისცეს ქვეითს სპეციალურ მონიშვნის ადგილას გადასვლის საშუალება. ზოგადი წესი არის ის, რომ ქვეითთა გადასასვლელი ეკუთვნის ქვეითებს, თუმცა ქვეითებმაც არ უნდა დაარღვიონ კანონი და უნდა ისარგებლონ სპეციალური გადასასვლელებით”,- ამბობს ვერძეული.

 

ამის მიუხედავად, კანონის აღსრულება და საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის მძღოლების დაჯარიმება, როგორც წესი, არ ხდება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ქალაქის რომელიმე “ზებრასთან” თუნდაც ერთი საათის გატარება და დაკვირვება, რამდენ ოქმს შეადგენს პატრული ამ კონკრეტულ დარღვევაზე.


სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვას სამართალდარღვევის ამ კონკრეტული ტიპის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს. “ნეტგაზეთმა” შსს-გან 2013-2014 წლების ავტო-საგზაო სამართლადარღვევების ზოგადი სტატისტიკა, ასევე მძღოლების მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის შესახებ ცალკე სტატისტიკა გამოითხოვა, რაზეც სამინისტროსგან შემდეგი პასუხი მიიღო:


“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის გათვალისწინებული ცალკე მუხლი მძღოლების მიერ ქვეითთა გადასასვლელის ე.წ. “ზებრაზე” გავლის წესების დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული სახის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ხდება”.


შსს-ს საიტზე ავტო-საგზაო სამართალდარღვევების მიმართულებით მხოლოდ 2010-2011 წლების სტატისტიკაა მოცემული და მასში მძღოლების მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა ცალკე არსად ფიქსირდება. სამართალდარღვევის ეს კონკრეტული ტიპი არ შედის არც 2010-2011 წლების ექვს ყველაზე ხშირ ავტო-საგზაო სამართალდარღვევათა ჩამონათვალში.

 

საიას იურისტის ლაშა ჩალაძის აზრით, კანონში სამართალდარღვევა მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი, რაც შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ მოცემულ სიტუაციაში პატრული სამართალდარღვევაზე არ რეაგირებს.



“საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის კი ეკისრება მძღოლს ეს სანქცია და ამაში შეიძლება მოისაზრებოდეს ზებრაზე გადასვლისას გზის არ დათმობაც, მაგრამ მკაფიო რეგულაცია უშუალოდ ამ ნაწილში, არ არის კანონმდებლობაში”.


ლაშა ჩალაძე ასევე მიიჩნევს, რომ სანქცია, რომელსაც კანონმდებლობა ამ სამართალდარღვევისთვის აწესებს, ანუ, 20 ლარიანი ჯარიმა ადექვატური სანქცია არ არის და არ უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას.


“საერთოდ პრევენციისთვის სანქციის მაღალ ზომას იყენებენ, როცა მიზანი არის მოქალაქეთა უსაფრთხოება. კანონმდებლობის ნება თუ არ იქნება მყარად გამოკვეთილი, მკაფიო რეგულაცია თუ არ იქნება კანონში გაწერილი და უფრო მაღალი სანქცია, მიზანი რაც შეიძლება ნებისმიერ კანონს ახლდეს თან, ვერ მიიღწევა”.

კანონით მძღოლი, რომელიც ზებრაზე ქვეითს გზას არ უთმობს 20 ლარით უნდა დაჯარიმდეს

 

ჯარიმების გამკაცრებასა და კანონის აღსრულებას პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მაია ქობალია.


“როდესაც მძროლმა იცის, რომ თუ არ დაგითმობთ გზას ზებრა გადასასვლელზე, ამისთვის დაჯარიმდება, მეორედ და მესამედ ის ამას აღარ გაიმეორებს. რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რომ ჯარიმის შიშით იცავს ადამიანი წესს, მაგრამ ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალი ესაა - მოხდეს აღსრულება და ჯარიმების გამკაცრება”.


კანონის არ აღსრულების საკითხს ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა. მისი აზრით, იმისთვის, რომ მძღოლებმა ზებრა გადასასვლელთან კანონი არ დაარღვიონ, საჭიროა, მათი დარღვევა დოკუმენტურად დაფიქსირდეს.



“არის კამერები, რომლებიც როგორ წითელზე, ასევე ზებრაზე გასვლას აფიქსირებს. თუ მანქანა გაივლის ზებრაზე, როცა ეს დაშვებული არ არის, კამერა იღებს სურათს და მძღოლი შესაბამის ჯარიმას იხდის. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ კანონის აღსრულებას ხელი შევუწყოთ”.


გელა კვაშილავა ამბობს, რომ არა მხოლოდ ზებრაზე, არამედ მთლიანად საგზაო მოძრაობაში ქვეითად მოსიარულე ყველაზე სუსტი და დაუცველია. პრობლემა, რაც ქვეითებს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, მისი აზრით, გადაჭარბებული სიჩქარეა.


“მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო, როდესაც მანქანა  მოძრაობს 70-80კმ/სთ სიჩქარით, რაც ჩვენთან ჩვეულებრივი შემთხვევაა და რაღაც მიზეზების გამო ეჯახება ქვეითად მოსაირულეს, ადამიანის გარდაცვალების ალბათობა 80-90 პროცენტია. და როცა მოძრაობს 30 კმ/სთ სიჩქარით და ეჯახება, მაშინ გადარჩენის შანსი გაცილებით მაღალია”.



ქვეითთა უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევაზე მაია ქობალიაც საუბრობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები და საპარკინგე სივრცედ გადაქცეული ტროტუარები, მისი თქმით,  ქვეითებისთვის სრულიად არამეგობრულ გარემოს ქმნის.



“ერთ-ერთი რგოლი პრობლემის მოგვარებისა, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ გარემო მაქსიმალურად მეგობრული იყოს მოქალაქეებისთვის. ქალაქი იყოს მეგობრული ქვეითებისთვის და არამარტო მანქანებისთვის”,- ამბობს ქობალია. პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი გზა, მისი აზრით, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ამ მიმართულებით და სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანიებისა თუ პროექტების განხორციელება.  


საგანმანათლებლო კამპანიების მნიშვნელობასა და საჭიროებას ხაზს უსვამს გელა კვაშილავაც.


“ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების პრობლემაზე ისეთი კამპანიებია, რომ ადამიანი ფიქრდება ამაზე. ასეთი კამპანიები გვაკლია, განათლება გვაკლია. ეს განათლება უნდა იყოს მუდმივი განათლების სამინისტროს მიერ, კერძო კომპანიების მიერ, მედიის მიერ. ეს თუ არ იქნა, რაც უნდა კარგი კანონი დაიწეროს ქაღალდზე, რაც გინდა მაღალი ჯარიმა ამოქმედდეს, პრობლემა ვერ მოგვარდება”.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.