სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრები აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ექსპერტმა, მარკ სელინმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია წარმოადგინა. მარკ სელინი, აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით, თბილისის მერიასთან დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე მუშაობს. ექსპერტმა ამ პოლიტიკის შემუშავებისთვის უმთავრეს პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით,  დედაქალაქში უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის სამმართველოს შექმნა, რომელიც ამ სფეროში კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს და ტრანსპორტის დარგში არსებულ პრობლემებს  კომპლექსურად გადაჭრის. მარკ სელინის განმარტებით, კომპლექსურ ღონისძიებებში იგულისხმება საცობების, პარკინგის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე ისაკაძემ სტუმარს პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრას, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებთან ერთად, აზიის განვითარების ბანკისა და ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.