პროექტი უსაფრთხო გზა, უსაფრთხო სკოლა ელოდება თქვენს ჩართულობას! [Video]

საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, მისგან მიღებული დაზიანებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაიზარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნების პრობლემა და ცალკე აღებული შემთხვევა; ის არის როგორც კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, ისედაც მწირი ჯანდაცვისა და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – უსაფრთხო გზის მონაკვეთები, გზებზე არსებული ე.წ „შავი წერტილები“, რომლებიც ყველაზე საშიშ საგზაო ადგილებს წარმოადგენს, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოავარია ან ავარიის ყველაზე დიდი ალბათობაა. აღნიშნული შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმართაობით, მაღალი სიჩქარით, ვიწრო სამოძრაო ზოლით, ვიწრო მოსახვევით, გაუმართავი გზით, გზიდან ადვილად გადასავარდნი ადგილებით, გზებზე დაწესებული მაღალი სიჩქარით, არასწორად გაკეთებული საგზაო ნიშნებით, მოუწესრიგებელი გადასასვლელით და ა.შ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა რეგიონებში არსებულ ადგილობრივი და შიდა სახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების გასწვრივ განლაგებულ სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წინ. სკოლებთან არ არსებობს ზებრა გადასასვლელი, არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები, რის გამოც ათასობით მასწავლებლის, მშობლისა და განსაკუთრებით ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად რისკის ქვეშაა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კახეთის რეგიონში, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და გაზეთი ,,სპექტრი“ (www.speqtri.ge) იწყებენ ერთობლივ პროექტს: „უსაფრთხო გზა, უსაფრთხო სკოლა.“ პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში არსებულ სკოლებს აქვთ შესაძლებლობა მოგვაწოდონ ინფორმაცია პრობლემებზე, ე.წ. შავ წერტილებზე, სადაც მუდმივად ხდება ავარიები/ არსებობს ავარიების რისკი.

პროექტი „უსაფრთხო გზა, უსაფრთხო სკოლა“ ითვალისწინებს ვებ-პორტალის www.megobruligzebi.ge გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი და ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის და სახელმწიფო ორგანიზაციისთვის. ფონდის თანამშრომლები და გაზეთის ჟურნალისტები მოახდენენ აღნიშნული პრობლემის ანალიზს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინჟინრებთან და მოხდება მათი მოგვარება. პროექტის კამპანიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დამონტაჟდება, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების გამართვა, სატელევიზიო და რადიო გადაცემის მომზადება.

ჩვენი თხოვნაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებში, გამოაგზავნოთ ინფორმაცია საკუთარი სკოლის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ყოველივე ამით კი თქვენ მცირედ წვლილს შეიტანთ, როგორც საკუთარი თავის უსაფრთხოებისა და დაცულობის ამაღლებაში, ისე საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობისა და დაზიანებების შემცირებაში.
კახეთის რეგიონის სკოლებს, ვისაც სურს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ მისამართებზე.
Email:georoadsafety@gmail.com
მობილური: 558240401
speqtri2003@yahoo.com
მობილური: 551255052

ვიდეო

იხილეთ სახელმძღვანელო

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.