კამპანია „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

30 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თანამშრომლობით გლობალურ კამპანიას „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ შეურთდა. ფონდისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სპეციალურად გამზადებულ ბანერებზე დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნა, რომელიც უფროსებს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

ასევე, ფონდისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებისა და სკოლა „სხივის“ მოსწავლეების ჩართულობით მასშტაბურ აქცია-კამპანია დაგეგმეს, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. გლობალური კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს ბავშვები და ახალგაზრდები უფროსებს მოუწოდებენ დაიცვან საგზაო წესები, ხოლო სახელმწიფოს ლიდერებს სთხოვენ შექმნან ისეთი საგზაო პირობები, რომელიც მათ უსაფრთხო მოძრაობას  უზრუნველჰყოფს. მსოფლიოს ბავშვები  ერთ ვებ-გვერდზე www.savekidslives2015.org გაერთიანდნენ, სადაც საკუთარ ხელმოწერასა და მოთხოვნას ფოტოს ან ვიდეო სახით აფიქსირებენ.

2014 წელს, საქართველოში 21 16-წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 839 დაშავდა საგზაო შემთხვევის შედეგად. იმისათვის, რომ ეს რიცხვი შემცირდეს და დავიცვათ ბავშვები საქართველოს გზებზე, გლობალურ კამპანიაში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურადაა ჩართული.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.