გაზეთი რეზონანსი - გახდება თუ არა საქართველოში ღვედის გამოყენება სავალდებულო

გახდება თუ არა საქართველოში ღვედის გამოყენება სავალდებულო  
   ყოველწლიურად საქართველოში დაფიქსირებული 4000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევიდან თითქმის ყოველი მეორე ფატალური შედეგით სრულდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ამ მიზეზითY 2279 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 496 დაშავდა. რაც ყველაზე შემზარავია, 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ ადგილზეა. მსოფლიო ბანკის მისიამ საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების  გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფო ნაბიჯი მთლიანად საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ღვედებთან მიმართებაში არსებული კანონმდებლობის შეცვლა და მისი გამოყენების აუცილებლობაა. არის თუ არა მზად საზოგადოება ამ ვალდებულების მისაღებად და შეცვლის თუ არა ის საგზაო შემთხვევების რაოდენობას?  
   თავდაპირველად, როცა 1999 წელს მიიღეს საქართველოს კანონი `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ~, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ღვედების სავალდებულო გამოყენება და არც ამის შესაბამისი მუხლი არსებობდა. ავტომაგისტრალზე მისი გამოყენება 2005 წლის 23 ივნისს კანონში შეტანილი დამატებით გახდა სავალდებულო. ამ მუხლით ჯარიმის სახით სანქცია ვრცელდებოდა ყველა მძღოლზე, ვინც ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის წესს არღვევდა. მოგვიანებით, კანონში შეტანილი ახალი ცვლილებით, ეს სანქცია საავტომობილო გზებსაც შეეხო, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართული იყო 80კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. ეს თითქოს წინგადაგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ასეთი საავტომობილო გზების მონაკვეთები საქართველოში ძალიან ცოტა იყო. შესაბამისად, გზების უმეტეს მონაკვეთებში ღვედების გამოყენება არ ხდებოდა, რაც კატასტროფულ შედეგებს იძლეოდა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. 
   დღეს ეს საკითხი თითქოს ცალსახად გადაწყვეტილია საქართველოს კანონით `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ და `ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, მაგრამ არსებობს ბევრი ხარვეზი, რაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი და ავტომაგისტრალებსა თუ ქალაქების ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღვედების სავალდებულო გამოყენებას ეხება. ბოლოდროინდელი სტატისტიკით, თუკი სიკვდილიანობა ავტოსტრადებზე წელიწადში მხოლოდ 2%-ით იზრდება, ქალაქის გზებზე საშუალოდ 25%-ით იმატებს, რის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაც სახელდება. სპეციალისტების აზრით, ღვედები ავარიისას დაახლოებით 25-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობის ალბათობას. ეს თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხში არაერთგვაროვანია. 
   გამოკითხული მძღოლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალაქის პირობებში დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ღვედის გამოყენება ზედმეტია, ამიტომ მას მხოლოდ ავტომაგისტრალზე იკრავენ, მძღოლების 31 % უსაფრთხოების ღვედს იმიტომ არ ხმარობს, რომ მიუჩვეველია, 30% _ დისკომფორტის შეგრძნების გამო, 24% ღვედის გამოყენების საჭიროებას საერთოდ ვერ აცნობიერებს. პარადოქსია, მაგრამ საბოლოოდ 91% ეთანხმება იმას, რომ ღვედი ამცირებს დაღუპვისა და სერიოზული ტრავმების საშიშროებას, თუმცა საბოლოოდ მაინც არ მიმართავენ ამ დამცავ საშუალებას. 
   დასავლურ ქვეყნებში ქალაქში ღვედის გამოყენება ყველგან სავალდებულოა. ამ მხრივ საქართველო ერთადერთი გამონაკლისია და, ამავე დროს, აქ დღემდე დასახლებულ ტერიტორიაზე სიჩქარის 60 კმ/სთ შეზღუდვაა დადგენილი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გათვალისწინებულია დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის უფრო მაღალი შეზღუდვები _ 30-35 კმ/სთ, თუმცა ესეც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ავტოავარიას მძიმე შედეგი მოყვეს. საინტერესოა ისიც, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OEჩD) და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული ფორუმის (EჩMთ) 50 წევრ-ქვეყანას შორის ორიდან ერთ-ერთი ქვეყანაა (მეორე მექსიკაა), სადაც ჯერ არ არის სავალდებულო უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება. მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს უსაფრთხოების ღვედებთან მიმართებაში არსებული კანონმდებლობა და მისი გამოყენება მთლიანად საავტომობილო გზებზე სავალდებულო უნდა გახდეს. 
   შესრულდება თუ არა მსოფლიო ბანკის ეს რეკომენდაცია და გახდება თუ არა ღვედის გამოყენება სავალდებულო მთლიანად საავტომობილო გზებზე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ისე ქალაქების ტერიტორიაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამ სახეზეა დაღუპულთა და დაშავებულთა ის საგანგაშო მაჩვენებელი, რომელიც დღითიდღე იმატებს. ერთი რამ ფაქტია, საქართველოში ძალზე სწრაფად იზრდება ტრანსპორტის რიცხვი (მოტორიზაციის დონე საშუალოდ შეადგენს 90 მანქანას ყოველ 1000 მოქალაქეზე), ამავე დროს, თუკი საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია იზრდება, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს უსაფრთხოების ახალი ზომები საკანონმდებლო თუ სხვა კუთხით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამჟამინდელი ტენდენციით მოსალოდნელია როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური დანაკარგების ზრდა და შესაბამისად არსებული მძიმე სტატისტიკის გაუარესება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.