ახალ კანონს უკვე ღვედშეკრული დავხვდები

რამდენიმე დღეში საქართველოში საგზაო წესების დარღვევებისთვის, კერძოდ, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის, ღვედების გამოუყენებლობის, სიჩქარის გადაჭარბებისა თუ სხვა შემთხვევების დროს, ჯარიმები მკაცრდება. საინტერესოა, რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამის თაობაზე. ჩვენს კითხვებს მძღოლის ამპლუაში მომღერალი სოფო ნიჟარაძე უპასუხებს. მას ამჟამად მერსედესი ML ჰყავს და არც თუ ისე ურიგო მძღოლად მიიჩნევს თავს.


- სოფო, რა ასაკიდან ატარებთ ავტომობილს და რამდენად ადვილი იყო თქვენთვის მართვის მოწმობის აღება?
- მანქანას ძალიან ადრეული ასაკიდან ვატარებ-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მართვის მოწმობის აღებამდე, მამის ან მეგობრების მანქანებზე, რასაკვირველია, დავმჯდარვარ, მაგრამ მინდოდა პროფესიულად მესწავლა. ზოგიერთი ისეთი სიჩქარით დაქრის, ტარება პროფესიულად დონეზე უნდა გქონდეს ნასწავლი, რომ მოულოდნელი სიტუაციები თავიდან აიცილო. ასე რომ, დავიწყე სიარული მოსკოვის ერთ-ერთ ავტოსკოლაში, სადაც ძალიან ბევრი გაკვეთილი გავიარე. მოგეხსენებათ მოსკოვის ცივი და სუსხიანი კლიმატი, ამიტომ ავტოსკოლის დამთავრების შემდეგ ყინულის კურსებიც გავიარე სპეციალურ სკოლაში. მართვის მოწმობის აღებისას ბევრი ვიწვალე, რადგან ეს პროცესი ძალიან გართულებული იყო. თეორია მესამე ცდაზე ჩავაბარე, სამაგიეროდ, პრაქტიკა არანაირად არ გამჭირვებია. ტარება მექანიკურ მანქანაზე, "01" მარკის ჟიგულზე ვისწავლე, აქედან უცხოური მარკის მანქანებზე გადასვლა ძალიან გამიადვილდა.

- "ყინულის პრაქტიკა" საქართველოში თუ გამოგადგათ?
- სხვათა შორის, შარშან, ზამთარში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ისეთი მოყინული დაღმართიდან ჩამოვიყვანე მანქანა, თვითონაც აღფრთოვანებული დავრჩი. ნერვიულობისგან ფანჯარა ჩამოვწიე, რომ ჰაერი ჩამეყლაპა. იქვე მყოფმა ხალხმა დაბურული მინების მიღმა გოგო რომ დაინახეს, "ბრავოს" ძახილით გამომაცილეს.

- საერთოდ, რომელი მარკის მანქანას ანიჭებთ უპირატესობას? 
- ჩემი პირველი მანქანა იყო აუდი A-4, სპორტული, ბოლო მოდელი. უპირატესობას ვანიჭებ გერმანულ მარკას და ძალიან სანდოდ მიმაჩნია. მერსედესი ერთ-ერთ საუკეთესოა ავტომობილია. ამჟამად მყავს ახალი მერსედესი (ML), თუმცა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იაპონური ან ინგლისური მანქანების მიმართ, ძალიან მომწონს რენჯ-როვერი, მაგრამ მჯობნის მჯობნს რა დალევს. საერთოდ, ყოველთვის ჩემთვის სასურველი მარკის ავტომობილი მყავდა. დღეს, ბენტლი, ვთქვათ, არ მყავს, მაგრამ ამის დროც აუცილებლად დადგება.

- რუსული მართვის მოწმობა საქართველოში პრობლემებს არ გიქმნით?
- ამ მოწმობით სარგებლობა 6 თვე შეგიძლია, შემდეგ ვადა ეწურება. მე რუსეთიდან აგვისტოს ომის შემდეგ წამოვედი. მართალია, დღემდე იქაური მართვის მოწმობით ვსარგებლობ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხშირად მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და ყოველ ჯერზე მოწმობაც "ექვსთვიან იმუნიტეტს" ინარჩუნებს ანუ საქართველოში ჩამოსვლის დღიდან შედის ძალაში. თუმცა სულ მაქვს განცდა, რომ ქართული მოწმობა არ მაქვს და უნდა გამოვცვალო. პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება ნამდვილად არ გამიჭირდება, მაგრამ თეორიული კურსის დამუშავების დრო, უბრალოდ, არ მაქვს.

- კაცები თვლიან, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან... 
- ქალები ცუდი მძღოლები კი არა, ზედმეტად ფრთხილები არიან და სწორედ ამის გამო უშვებენ შეცდომებს. ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ ქალებისთვის სპეციალურად უნდა ჩატარდეს მართვის მოწმობის აღებისას ორტურიანი გამოცდა.

- თავად როგორი მძღოლი ხარ? 
- თავს არ ვიქებ, მაგრამ ნამდვილად კარგი. მიუხედავად ამისა, შეცდომებს მაინც ვუშვებ. ჩვეულებრივ, "ქალივით" არ დამყავს მანქანა, საჭეს არ დავკანკალებ, გაბედული ვარ, ფრთხილიც, მაგრამ ზედმეტად არა.

- რომელი შეცდომა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? 
-ერთხელ შემემთხვა ძალიან სერიოზული ინციდენტი. ტელეფონზე ვსაუბრობდი, თან ღვედიც არ მეკეთა და საჭეს ცალი ხელით ვმართავდი, ამ დროს ხელი ამიცდა და მანქანა არკას შეეჯახა, მე კი თავი მანქანის შუშას დავარტყი და ხელიც ვიღრძე. რამდენიმე დღეში კონცერტი მქონდა, სადაც ჯულიეტას როლს ვასრულებდი. სცენაზე რკინის ხელთათმანში დამალული ნაღრძობი ხელით ვიდექი, რომელზეც შემოხვეული მქონდა კაბის შესაბამისი ვარდისფერი არშიები. მართალია, ძალიან მაწუხებდა ნატკენი ხელი, მაგრამ მაყურებელს ეს არც შეუმჩნევია.

- მანქანის სწრაფად ტარება თუ გიყვართ?
- საერთოდ, ექსტრემის მოყვარული ვარ. 50 მეტრის სიმაღლიდანაც გადმოვმხტარვარ. მართალია, თავიდან კინაღამ გული გამიჩერდა და მეგონა აღარასოდეს გავიმეორებდი, მაგრამ ზუსტად 15 წუთში მეორე ხტომაც განვახორციელე. პარაშუტიდან ხტომას ჯერჯერობით ოჯახის წევრები კატეგორიულად მიშლიან. რა თქმა უნდა, მიყვარს ავტომობილის სწრაფად ტარება ავტობანზე, ჩვენს კეთილმოწყობილ ტრასებზე ჯიპით ისე მიქრიხარ, გზას საერთოდ ვერ გრძნობ და ამ სიამოვნებაზე უარის თქმა ძნელია. ისე, ჩვეულებრივ მანქანის ტარების კასტინგებზე რომ ვყოფილვარ, გოგოს ფონზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიმიღია.

- ალბათ, პოპულარობის გამო საგზაო წესების დარღვევისთვის ხშირად არ გაჩერებენ.....

- მაქსიმალურად ვიცავ საგზაო წესებს, ამიტომ ასეთ მდგომარეობაში ხშირად არ ჩამიგდია თავი. ახლახან თავისუფლების მოედანზე გამაჩერეს, "მიგალკა" არ მქონდა ჩართული, მაგრამ, გარდა იმისა, რომ მიცნეს, ღვედმაც მიხსნა დაჯარიმებისგან. პატრულმა შეკრული ღვედით რომ დამინახა, ერთი wow-ო შესძახა და გამიშვა. სამი შემთხვევიდან ორჯერ მიშველა ჩემმა პოპულარობამ, ერთხელ კი არ გაჭრა და დამაჯარიმეს, აბა თქვენ რა გეგონათო.

- საქართველოში ღვედების გამოყენება ძნელი დასამკვიდრებელი გახდა, რის გამოც უამრავი უბედურება ხდება და ამას სავალალო სტატისტიკაც მოწმობს. შენ თუ იყენებ უსაფრთხოების ღვედს? 
- როცა მანქანაში ვჯდები, სანამ დავქოქავ, აუცილებლად ვიკრავ მას. მის გარეშე უბრალოდ არ ვმოძრაობ. ერთხელ არ მქონდა შეკრული და უკვე მოგიყევით, რაც შემემთხვა. უსაფრთხოების ქამარი რომ მქონოდა, არაფერიც არ მოხდებოდა და ავიცდენდი უსიამოვნებას. ღვედი რადგან არსებობს, ე.ი. საჭიროა და ტყუილად არ არის გამოგონილი.

- გეთანხმებით, მაგრამ არიან ურჩი მძღოლები, რომლებიც მენტალობის, დისკომფორტის თუ სხვა მიზეზის გამო არ იყენებენ უსაფრთხოების ღვედებს. რამდენიმე დღეში, სხვა საგზაო წესის დარღვევასთან ერთად, ღვედის გამოუყენებლობისთვისაც მკაცრდება ჯარიმა და ის 40 ლარი ხდება...
- ნამდვილად უნდა გამკაცრდეს წესები და ამას ვეთანხმები. ქართველები ძნელად ვემორჩილებით წესებს, მაგრამ არის სასარგებლო სიახლეები და ჩვევები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ. არ მესმის, რა პრობლემაა გადაიკრა ქამარი. ნამდვილად არ სჭირდება ამას დიდი დრო, ერთი ხელის მოსმაა. თუ გინდათ ერთად გამოვითვალოთ, ზუსტად 3-4 წამი სჭირდება. თან, ლამაზიცაა და მოხერხებულიც. უცხოეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იგი მძღოლმაც უნდა შეიკრას და მგზავრმაც. ჩემს გარშემო ღვედის მიმართ არც ისე უარყოფითი დამოკიდებულებაა. რაც შეეხება მენტალობას, ხომ გახსოვთ ადრე როგორ იყო. წითელ შუქნიშანზე თუ არ გაჩერდებოდი და გაივლიდი, ეს კარგ ტონად ითვლებოდა. ვის სჭირდება დღეს ცეცხლთან ასეთი თამაში?!

- გამოდის, რომ კანონის გამკაცრებას ღვედების შესახებ ეთანხმებით.
- ისე ვარ მიჩვეული ღვედით გადაადგილებას, რომ სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახალ კანონს მე უკვე ღვედშეკრული ვხვდები.

- და ბოლოს თქვენს შემოქმედებით სიახლეებზე გვითხრათ, რა ხდება ევროვიზიის შემდეგ?
- 1 აგვისტოს მივდივარ ისრაელში, იერუსალიმში მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე, სადაც ცნობილ უცხოელ სტუმრებთან ერთად პირველ ნომრად ვარ მიწვეული. ასევე დაიწყო დათო იმედაშვილის ფილმის "ზღვა სიყვარულის" გადაღება, რომელშიც ლევან ხურციასთან ერთად მთავარ როლს ვასრულებ. ეს ფილმი არის ერთგვარი თანამედროვე კონკიას ისტორია და ზოგადსაკაცობრიო თემას ეხება. იგეგმება ასევე ჰოლივუდიდან ერთ-ერთი ვარსკვლავის ჩამოყვანაც. ფილმის ჩვენება გაზაფხულიდან უკვე კინო-თეატრებში იქნება შესაძლებელი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.