არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდაში დაეხმარებიან

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები – CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ იწყებენ ერთობლივ პროექტს STOP (Safe Transit Options for Passengers – უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის). პროექტის მიზანია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომების გამოყენებით.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. უბედური შემთხვევების დაახლოებით მეხუთედი ხდება აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე და მასში მონაწილეობენ მიკროავტობუსები. შექმნილი სიტუაცია იწვევს დიდ ადამიანურ მსხვერპლს, აფერხებს სახმელეთო ტრანზიტის, ლოგისტიკის და ტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ქვეყანას უსაფრთხო სახმელეთო ტრანსპორტის სისტემის განვითარებას ავალდებულებს.

ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეისწავლიან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს  ვალდებულებებს, აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას საქალაქთაშორისო მგზავრობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. პრობლემის ანალიზის მიზნით ჩატარდება ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები მიკროავტობუსების მგზავრებთან, მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთან და მძღოლებთან.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება სოციალური ექსპერიმენტი – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც კკვლევაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. კვლევაში  მონაწილე მიკროავტობუსებზე მიმაგრდება „უსაფრთხო მძღოლის“ სტიკერები, ხოლო მძღოლები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლითაც ვალდებულებას აიღებენ უსაფრთხო გადაადგილების წესების დაცვაზე. მგზავრებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მგზავრობა პროექტში მონაწილე ან სხვა მიკროავტობუსებით. ამის შემდგომ მკვლევარები დაიწყებენ  პროექტში ჩართული მიკროავტობუსების რეისების მონიტორინგს (თავად იმგზავრებენ ზოგიერთ რეისზე), რათა განსაზღვრონ, თუ რამდენად ეფექტიანია მიკროავტობუსების მძღოლებს შორის უსაფრთხო მართვის ნებაყოფლობითი წახალისების ტაქტიკა. შედეგების შედარების გზით ნათელი გახდება, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს საქართველოსთვის სხვა ქვეყნებში აპრობირებული ეს ან სხვა მოდელი.

კვლევის საფუძველზე CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ხელისუფლებას წარუდგენენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდის სხვადასხვა ალტერნატივას და კონკრეტულ რეკომენდაციებს. პროექტი დაეხმარება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ხელისუფლებას, ტრანსპორტის სფეროში მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით და მაქსიმალურად მცირე ხარჯებით შეძლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.