ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღე

2009 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაერო-ს რეზოლუციაზე დაყრდნობით, ყოველი წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა დღე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღედ გამოაცხადა.

ამ დღის აღსანიშნავად, 16 ნოემბერს, საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და თელავში გაიმართა საინფორმაციო აქცია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის მოწოდებით. კამპანია მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების და ჩართულობის ამაღლებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა შემცირდეს ავარიების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.

კამპანიის ფარგლებში,  ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  და არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამართეს ერთობლივი აქცია-მსვლელობა თბილისის ქუჩებში. ორგანიზატორებმა, სამოქალაქო პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან  და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეითებსა და მძღოლებს დაურიგეს საინფორმაციო სტიკერები მოწოდებით - გზა დაუთმე ქვეითს! შეანელე! დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები! ასევე, ფეხით მოსარულეებს დაურიგდათ რეფლექტორები, რაც ხელს შეუწყობს მათ ხილვადობას ქუჩაში მოძრაობის დროს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ესტონური ორგანიზაციის ”TrafficProf”-ის წარმომადგენლებმაც.

ქუთაისში, ანალოგიური მოწოდებებით აქცია გამართა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის_ „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლებმა. ცენტრის წევრებმა მოამზადეს საინფორმაციო მასალები, პლაკატები და ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელებზე მოსიარულეთა უფლებების დასაცავად.

თელავში, N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ახალი სიცოცხლის“ წევრი მოსწავლეების და კლუბის ხელმძღვანელის ორგანიზებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა,  საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით,  მოამზადეს საინფორმაციო პლაკატები და მოაწყვეს მსვლელობა ქუჩებში. ამ აქციაშიც ძირითადი მოწოდებები მიმართული იყო ქვეითთა უფლებების დასაცავად.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.