ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ნებისმიერ საავტომობილო გზაზე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა, რუსუდან კერვალიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა, ხელს შეუწყობს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევების შემცირებას.

რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, დადგენილია, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 40-50%-ით ამცირებს მძღოლისა და წინა სავარძელზე მსხდომი მგზავრის გარდაცვალების ალბათობას, 25%-ით კი უკანა სავარძელზე მსხდომებისას. პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ წარმოდგენილ ცვლილებები დადებითად შეაფასა, მაგრამ დაწესებული 40 ლარიანი ჯარიმა გადამეტებულად მიიჩნია. რუსუდან კერვალიშვილის განმარტებით, პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან დღემდე ყველაზე დაბალი ჯარიმა სომხეთში არსებობს, რაც 27 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ჯარიმა პრევენციული ხასიათის უნდა იყოს და არა სიმბოლური. უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებიდან ორი თვის შემდეგ გახდება.

უსაფრთხოების ღვედების კვლევის შედეგები წარმოადგინა ასოციაცია "დაცული მოძრაობის" ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა. მისი განცხადებით, კვლევის შედეგს წარმოადგენდა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება-არ გამოყენების ძირითადი მიზეზების დადგენა, არსებული მდგომარეობის ანალიზი და საერთაშორისო ქვეყნების გამოცდილების გაცნობა. კვლევის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში საშუალოდ ქვეყანაში 1 საათში და თბილისში - 6 საათში ერთი ადამიანი ღებულობს დაზიანებას; 18 საათში - კი ერღი ადამიანი იღუპება; ამასთან მოსახლეობის 90,48% თვლის, რომ ღვედის უსაფრთხოება სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც პერსონალურ მონაცემებთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. ლაშა თორდიას განმარტებით, დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული დებულებების მოქმედება მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე ვრცელდებოდა. კანონპროექტით შემოთავაზებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მისი მოქმედების გავრცელება კერძო სექტორზე. ასევე სიახლეს წარმადგენს ახალი ინსტიტუტის - მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შექმნა, რომლის მიზანი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაცია და ზედამხედველობა მის შესრულებაზე. სხდომას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ესწრებოდა, რომელიც ინიციატორებთან ერთად კანონპროექტის დასახვეწად, მეორე მოსმენამდე, სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2010 წლის 1 აგვისტომდე ჩაიდინეს. "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ზვიად კუკავამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ჯარიმებისგან თავისუფლდებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობდნენ და დაწესებული ჯარიმის გადახდა ვერ მოხერხდა ასევე გამოწერილ ქვითარში პირის არაზუსტი იდენტიფიკაციის გამოც. ჯამში 12680 ჩადენილ ჯარიმას შეეხება ამნისტია, რომელიც 1 037992 ლარს ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.