AUTO BILD - პირველი ლედი საჭესთან

პირველი ლედი საჭესთან
ლამაზი ხოჭო, ვედრო და გუბკა

სანდრა ელისაბედ რულოვსი, საგზაო უსაფრთხოების სახე საქართველოში: თუ მხოლოდ მენტალიტეტის შეცვლას დაველოდებით, ამას ძალიან დიდ დრო დაჭირედბა, მაგრამ თუ ახალვე მივიღებთ ქმედით ზომებს, მაშინ ყველაფერი მალე მოგვარდება


საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი - აი, ასეთი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო რესპონდენტია ჩვენი სტუმარი. 
ქალბატონი სანდრა არაერთ აქტუალურ საკითხზე ლაპარაკობს. მისი უშუალო, გულრწფელი და საინტერესო საუბარი მართლაც საყურადღებოა.
მაშ ასე, `აუტო ბილდ საქართველოს~ კითხვებს საქართველოს პირველი ლედი პასუხობს.

როგორ გადაურჩა საათი დამსხვრევას
აუტო ბილდ საქართველო: საქართველოში მანქანა არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ჩვენთან მანქანას ლამის ფილოსოფიური დატვირთვაც კი აქვს. საინტერესოა, რას ნიშნავს მანქანა ჰოლანდიელისთვის? თინეიჯერული წლებიდან თუ ოცნებობდით ამა თუ იმ ავტოს შეძენაზე?
სანდრა ელისაბედ რულოვსი: ჰოლანდიაში ქალებს ნაკლებად აქვთ ასეთი ოცნება, უფრო მამაკაცებს. თუმცა ერთხელ მეც ძალიან მომინდა მანქანის შეძენა - როცა უკვე თბილისში ვცხოვრობდი, დიღმის ტრასაზე შევნიშნე ლამაზი ხოჭო და ძალიან მომეწონა. აღმოჩნდა, რომ მანქანა ზვიოსი (ზვიად ბლიაძე - ავტ.) იყო. დავინტერესდი ფასით და ისე გამოვიდა, რომ ამ მანქანის ყიდვას ვერ შევძლებდი. ისიც მითხრეს, ხოჭოს მოვლა და ნაწილების ყიდვაც ძვირი დაგიჯდებაო. ასე დარჩა ეს მანქანა დიღმის ტრასაზე.
აუტო ბილდ საქართველო: ჰოლნადიაში გყავდათ მანქანა?
ს. ე. რულოვსი: ჩემს მშობლებს არერთი მანქნა ყავდათ - `პეჟო~, ბმვ, ჰონდა... ბიძაჩემს სულაც ჰონდების კოლექცია ქონდა. ახლა კი ჩემს მშობლებს კია ჰყავთ.
აუტო ბილდ საქართველო: რამდენი წლის იყავით, მართვის მოწმობა რომ აიღეთ?
ს. ე. რულოვსი: 18 წლის. ავტოსკოლაში მთლიანი კურსი 35 გაკვეთილისგან შედგებოდა, თითო გაკვეთილი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, 23-25 გაკვეთილი უკვე სავსებით საკმარისი იყო ჩემთვის, მაგრამ კურსი მაინც ბოლომდე გავიარე და გამოცდა პირველივე ცდაზე წარმატებით ჩავაბარე. ჩემმა ძმამ კი 17 გაკვეთილი გაირა და ასე აიღო მართვის მოწმობა. ავტოსკოლაში ერთ-ერთ გაკვეთილზე აღმართზე მანქანის დაძვრას გვასწავლიდნენ და როცა მანქანა დაქანებაზე შეაყენეს, მასწავლებელმა მაჯის საათი გამომართვა და უკანა საბურავის ბოლოს დადო - მანქანა ისე უნდა დაძრა, საათი რომ გადარჩესო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმიტაცია იყო, თუმცა მაინც საინტერესო მეთოდი გამოდგა.
Aუტო Bილდ საქართველო: საქართველოში რომელი იყო თქვენი პირველი მანქანა?
ს. ე. რულოვსი: ცისფერი `ჰონდა~, რომელსაც ასეთი სერია და ნომერი ჰქონდა - MMM-111, მერე გავყიდე ეს მანქანა და თეთრი `ნივა~ ვიყიდე. მოგეხსენებათ, `ნივა~ მუშა მანქანაა, მეც სოფლებში მიწევდა სიარული და ამიტომ ავირჩიე ასეთი ავტო. `ნივა~ უხეში, თითქოს ტრაქტორივით მანქანა გამოდგა, მისი მართვისგან ხელი მეჭიმებოდა და მეღლებოდა. ჩოგბურთელებს რომ ემართებათ ტრავმები, მეც იგივე რომ არ მომსვლოდა, `ნივაც~ გავყიდე. ამის შემდეგ უკვე მიშას მძღოლი გვემსახურებოდა. ახლა, როცა უკვე სახელმწიფოს მეთაურის მეუღლე ვარ, აღარ არის იმის საშუალება, რომ თვითონ მივუჯდე მანქანის საჭეს, აღარც კი არის საუბარი არჩევანზე, ანუ იმაზე, რომელ მანქანას შევიძენ.
აუტო ბილდ საქართველო: ესე იგი, რაც თქვენი მეუღლე საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ფაქტობრივად, მართვის უფლება ჩამოგერთვათ...
ს. ე. რულოვსი: ჰოლანდიაში რომ ჩავდივარ, იქ დავდივარ ჩემი მშობლების `კიათი~.

ჰოლანდიური ავტომუღამი: იაფი და ახალი

აუტო ბილდ საქართველო: თქვენს მეუღლეს არ აქვს მანქანის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნილება?
ს. ე. რულოვსი: არა მგონია, რადგან მიშა სპორტული ადამიანია, უყვარს ცურვა, სირბილი, ველოსიპედით სიარული. ვფიქრობ, ის არ ოცნებობს ამა თუ იმ ავტომანქანის შეძენაზე. მიმაჩნია, არ არის აუცილებელი მანქანის ხშირად გამოყენება. მე, მაგალითად, საკმაოდ კომფორტულად ვმგზავრობ მატარებლით, სადაც შესაძლებელია მუშაობა, სეირნობა და კვება.
აუტო ბილდ საქართველო: საქართველოში მკვეთრად არის განსაზღვრული პრიორიტეტები - უმეტესობა უპირატესობას BMჭ-ს და `მერსედესს~ ანიჭებს. ჰოლანდიელებს თუ ყავთ, ასე ვთქვათ, სახალხო მანქანა?
ს. ე. რულოვსი: ჰოლანდიელები უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით უყურებენ მანქანას, ეკონომიური ხალხია და მანქანის შეძენისას ითვალისწინებენ, რამდენ საწვავს მოიხმარს ესა თუ ის ავტომობილი. ჰოლანდიაში თითქმის არ ყიდულობენ მეორად მანქანებს, ახალი `მერსედესი~ და ბმვ კი საკმაოდ ძვირია და სხვა, უფრო იაფი, მეტწილად ფრანგული და იაპონური მანქანის შეძენა ურჩევნიათ. ჰოლანდიაში მანქანის მხიარული ფერები მოწონთ, იქ ყველა მანქანა გარეცხილი და მოწესრიგებულია. აქ კი ცოტა სხვანაირადაა... როცა მანქანა მყავდა, ვედროს და გუბკას მოვიმარჯვებდი და ვრეცხავდი, მეზობლები კი გაკვირვებულები მიყურებდნენ.

ოჰ, ეს მენტალიტეტი

აუტო ბილდ საქართველო: თქვენ ხართ `საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ალიანსის~ წევრი, სხვათა შორის, ამ ორგანიზაციაში `აუტო ბილდ საქართველოც~ არის გაწევრიანებული. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად?
ს. ე. რულოვსი: არ მიყვარს სისწრაფე და არ მესმის, რატომ ეამაყებათ სწრაფად სიარული. ერთხელ, ბათუმში მანქანით წავედით, იქიდან თვითმფრინავით მომიწია თბილისში დაბრუნება, მძღოლი კი მანქანით ჩამოვიდა და გვიყვებოდა, ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსვლა სამ საათში მოვახერხეო... ჩვენი დაცვის ყოფილი წევრი ავტოავარიაში გარდაიცვალა, სტატისტიკაც შემზარავია - საქართველოში შარშან ავტოავარიაში 9063 ადამიანი დაშავდა, აქედან 867 დაიღუპა. საქართველოში ხშირად არ იკითებენ უსაფრთხოების ღვედებს, არ იცავენ უსაფრთხოების სხვა წესებსაც, საჭესთან საუბრობენ მობილურ ტელეფონზე, ტექდათვალიერება საერთოდ არ არსებობს, ზოგი მანქანა ისეთ დღეშია, სიცოცხლისთვის დიდ რიკს წარმოადგენს.
აუტო ბილდ საქართველო: და რა უნდა გაკეთდეს ასეთი ვითარების გამოსასწორებლად?
ს. ე. რულოვსი: პატრული უფრო აქტიური და მკაცრი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებსაც. მაგალითად, თუ მძღოლს უსაფრთხოესბის ღვედი არ უკეთია, საგზაო შემთხვევისას ზარალის 80 პროცენტის ანაზღაურება ეკისრება, ხოლო თუ უკეთია, ზარალის 80 პროცენტს უკვე სადაზღვევო კომპანია იხდის - მიმაჩნია, ასეთი წესის შემოღებით, უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მკაცრად იქნება დაცული. მოკლედ, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ დიდი ძალა, რათა პასუხისმგებლობისკენ მომართოს მძღოლები. რა თქმა უნდა, მედიასაც შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება.
აუტო ბილდ საქართველო: ქართული მენტალიტეტი უმნიშვნელო ფაქტორი არ არის. ზოგადად, მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელი არაა, თუმცა ამას ალბათ არცთუ ცოტა დრო ჭირდება. როგორ ატყობთ, დაახლოებით როდის იქნება საქართველოში საგზაო მოძრაობა ისეთი მოწესრიგებული, როგორც დასავლეთ ევროპაში?
ს. ე. რულოვსი: თუ მხოლოდ მენტალიტეტის შეცვლას დაველოდებით, ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ თუ ახლავე მივიღებთ ქმედით ზომებს, მაშინ ყველაფერი მალე მოგვარდება - სადაზღვევო კომპანიები უნდა დავარწმუნოთ, შეიმუშაონ ის წესები, რაზეც უკვე გესაუბრეთ და პატრულმაც უფრო მკაცრად იმოქმედოს.
აუტო ბილდ საქართველო: თუ ადრე დაარღვევდი მოძრაობის წესებს, ავტოინსპექტორს ხუთ ლარს გადაუხდიდი და გაგიშვებდა, ახლა კი ჯარიმები გაიზარდა, რითაც მძღოლების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა, თანაც მოძრაობაც არ გახდა მაინცდამაინც მოწესრიგებული - კიდევ ერთხელ მივდივართ მენტალიტეტამდე...
ს. ე. რულოვსი: ჯარიმები იმიტომ კი არ გაიზრდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხოება გაიზარდოს და მძღოლებმა მოძრაობის წესები არ დაარღვიონ.

თუ მიშა მანქანას მაჩუქებს...

აუტო ბილდ საქართველო: თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით, სადაც კანონის დაცვის სულ სხვა ტრადიციებია...
ს. ე. რულოვსი: კანონის დაცვას რომ თავი დავანებოთ, მე ტვინიც მაქვს - მითხრეს, თბილისში არ არის აუცილებელი ღვედის გაკეთება, მაგრამ მაინც ვიკეთებ. არ მესმის, რატომ ისვამენ ბავშვს კალთაში, როცა მანქანის წინა სავარძელში სხედან, ეს ხომ ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ღვედის გაკეთება ჩემს ედუარდსაც არ მოწონს, მაგრამ იცის, რომ ეს საჭიროა, ნიკუშასთვის კი სპეციალური სავარძელი გვაქვს, რომელსაც მანქანის უკნა სავარძელზე ვამაგრებთ.
აუტო ბილდ საქართველო: ალბათ მოვა დრო, როცა საქართველოში ისევ მოგიწევთ მანქანის მართვა. კი გვითხარით, არასდროს მიოცნებია ამა თუ იმ მანქანის შეძენაზეო, მაგრამ თუ თქვენი მეუღლე ასეთ საჩუქარს გაგიკეთებთ, არ აგაღელვებთ? რა მანქანას ისურვებდით საჩუქრად?
ს. ე. რულოვსი: თუ მიშა მანქანას მაჩუქებს, რა თქმა უნდა, გამიხარდება. არის ასეთი კოხტა და პრაქტიკული მანქანა ფიატ პანდა და ვფიქრობ, ქალისთვის, რომელსაც ბავშვების ტარება მოუწევს, ეს კარგი ვარიანტი იქნება.


დავით თავართქილაძე

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.