Ambebi.ge - კოტე ყუბანეიშვილი: - "თუ არ შეიკრავ ღვედს, ნუ ემდურები ბედს!"

ორი თვეა ქალაქსა თუ ავტომაგისტრალებზე იშვიათად მოკრავთ თვალს უღვედო მძღოლებსა და მათ გვერდით მსხდომ მგზავრებს. ეს ვითარება ღვედებით სარგებლობის დაკანონებას მოჰყვა. შეიძლება ბევრს ამისკენ ჯარიმების შიშმა უბიძგა, ნაწილმა კი უბრალოდ უსაფრთხოების ქამრების საჭიროება გააცნობიერა. ყოველ შემთხვევაში, თბილისში ახლა სწორედ ის ვითარებაა, კოტე ყუბანეიშვილის მიერ შექმნილი სლოგანი რომ გვეუბნება: "ჯენტლმენი ხარ თუ ლედი, უნდა შეიკრა ღვედი!" ეს არ არის ერთადერთი ექსპრომტი, რომელიც პოეტმა საგზაო უსაფრთხოებასა და ღვედებს მიუძღვნა. 

"იდაყვზე რომ არ იკბინო, ქუჩა არ გადაირბინო", "თუ არ შეიკრავ ღვედს, ნუ ემდურები ბედს!" "ღვედო, ჩემო, "შტრაფი" არ გიწერია!" - ეს ფრაზებიც კოტე ყუბანეიშვილის "საღვედო" ციკლიდანაა და ისინი ხალხში უკვე ძალიან პოპულარული გახდა. "უღვედურება რომ ავიცილოთ, "ჯობია 40 გადავიხადოთ, ვიდრე ორმოცი გადაგვიხადონ", - ასე ამბობს თავად ამ სლოგანების ავტორი. რას ფიქრობს კოტე ყუბანეიშვილი საგზაო უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების ღვედების მოხმარებაზე, ამას ინტერვიუდან გაიგებთ. 

- ორი თვეა, რაც ძალაში შევიდა კანონო უსაფრთხოების ღვედის შესახებ. როგორ მოგწონთ დღევანდელი მდგომარეობა, როცა ყველა მძღოლი იკეთებს ღვედს?

- ბევრს მიაჩნია, რომ ქალაქში ღვედის ტარების დიდი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ხალხი მაინც უნდა მიეჩვიოს კანონს. ღვედი ისედაც უნდა გაიკეთონ. პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა, მე და ჩემი მეუღლე ტრასაზე ამოვტრიალდით. ჩემს მეუღლეს ღვედი რომ არ კეთებოდა, "უღვედურობა" დატრიალდებოდა. მართალია, მე არ მეკეთა, მაგრამ რაღაცნაირად გადავრჩით. კონკრეტულად ჩემს ცხოვრებაში ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ სხვებსაც ხომ ჰქონია ასეთი შემთხვევები. 

- ისევ თქვენს ცნობილ სლოგანებს მოვიშველიებ: "მიწის ქვეშაა გადასასვლელი, უნდა ჩავიდე, ნეტა რას ველი?!" ან "იდაყვზე რომ არ იკბინო, ქუჩა არ გადაირბინო". თბილისში ისევ პრობლემად რჩება ფეხით მოსიარულეთა საკითხი, ვერც ახალმა გადასასვლელმა ხიდებმა უშველა საქმეს. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- ხალხი რომ კანონს მიაჩვიო, ამისთვის გარკვეული წლებია საჭირო. ასე არ ხდება, გამოსცე განკარგულება და უცებ აითვისოს საზოგადოებამ, მითუმეტეს, როცა ჩვენი ხალხი დიდი ხანია მიჩვეულია უკანონობას. ასევე მიჩვეულები არიან ტრასაზე გადარბენას, რაც ძალიან საშიშია. ამიტომ სჯობს ვიღაცა "დაიშტრაფოს", ამის ეშინოდეს და კანონს მიეჩვიოს. ისე ქუჩასაც გააჩნია, რომელს გადაჭრი, მაგრამ ცენტრალურ ტრასაზე არ უნდა გადირბინო. ადრე თუ გვიან უნდა ავირჩიოთ: გვინდა კანონმორჩილ ქვეყანაში ცხოვრება თუ არა. ქუჩის გადარბენა ერთია, მაგრამ ზოგადად ერთ საკითხზე თუ დაირღვევა კანონი და არავინ ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მერე სხვა რაღაცაშიც იგივე განმეორდება და გვექნება უკანონო სახელმწიფო. 

- თქვენ როგორი მძღოლი ხართ, ღვედის შეკვრას ადვილად შეეჩვიეთ?

- მე იშვიათად ვატარებ მანქანას, საჭესთან ძირითადად ჩემი მეუღლეა. როცა მე ვმართავ, რა თქმა უნდა, საგზაო წესებს ვიცავ და ღვედსაც ვიკეთებ. ამ ბოლო დროს კანონმორჩილი ვარ. ეს ასაკის ბრალიცაა. სამოცი წლის ვარ და ამ ასაკის კაცი კი უნდა იყო კანონმორჩილი. ოცდაორი-ოცდახუთი ასაკის ახალგაზრდებისთვის ეს ცოტა ძნელია.

- ზოგიერთი მძღოლი, როგორც აღმოჩნდა, პატრულის დასანახად, ღვედს ფორმალურად შემოიდებს მხრებზე.
- კი, არიან ღვედის მოწინააღმდეგენი, ისედაც მძიმე ცხოვრებაში საკუთარ მანქანაში დაბმულობას რომ ვერ იტანენ, მაგრამ არ მესმის, რა პრობლემაა. გაიკეთე რა, რა მოხდა, თუ მაინცდამაინც უნდა დაგაჯარიმონ?!

- მენტალობა ხომ არ გვიშლის ხელს?

- ეს სისულელეა. უნდა "დაიშტრაფოს" ყველა. ისე, ჩემი აზრით, ვინც ღვედს არ იკეთებს, მოძრაობის სხვა წესსაც თავისთავად დაარღვევს. 

- ზოგადად თბილისში საგზაო მოძრაობაზე რას გვეტყვით?
- უკვე საშინელი გახდა. დიდი ქალაქია, სხვა მოთხოვნებია, თან გასათვალისწინებელია ქართველების ხასიათი, ჯიპები და დიდი მანქანები რომ უყვართ, თორემ ევროპის დიდ ქალაქებში, მაგალითად, პარიზში, პატარა მანქანებს არჩევენ, "მალალიტრაჟკებს", თუნდაც საწვავის ეკონომიის მიზნით. ჩვენთან პირიქითაა და ქალაქში დასადგომ ადგილსაც ვერ იპოვით. კარგია "პარკინგი" და მსგავსი რაღაცის შემოღება, ამით უკვე გადავდივართ დიდი ქალაქების მოთხოვნებში, ბოლოს და ბოლოს თბილისი ორმილიონიანი ქალაქი გახდა. 

- ამჟამად რა მარკის ავტომანქანა გყავთ და რომელია თქვენი საოცნებო მოდელი?

- ოცნების მანქანა არ მყავს. ჩემი ოცნება მანქანებს არ ეკუთვნის. ისე ახლა "ფოლკსვაგენ ჟუკი" გვყავს. 

- ინტერვიუს მსვლელობისას რაიმე ექსპრომტს ხომ არ შემოგვთავაზებთ. 

- "ნუ გამოცდით ბედს, დაეყრდენით ღვედს!". ისე, მომწონს სიტყვა ღვედნიერი. 

- ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო დროს კატასტროფულად გაიზარდა. მას ოცდამეერთე საუკუნის "შავი ჭირიც" კი უწოდეს, საჭეს ბევრი მოძრაობის წესების არმცოდნე მართავს, ამათზეც უნდა დაწესდეს მკაცრი კანონი?… 
- კანონების სიმრავლით ამას ვერ მოსპობ. კარგია, რომ ვიდეოკონტროლი არსებობს, სამეთვალყურეო აპარატი ზუსტად აფიქსირებს დარღვევებს და ჯარიმა სახლში მოგდის. თუ არ გადაიხდი, არავინ არ მოგივარდება და არ გეჩხუბება, უბრალოდ ჯარიმა გიორმაგდება. თუმცა საქართველოში რამდენ ხანს იმოქმედებს ეს, არ ვიცი. 

- გმადლობთ საუბრისთვის.

- საღვედური არაფერი არა მაქვს.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.