Ambebi.ge - გაიკეთე ღვედი შენი უსაფრთხოებისთვის!


8 აპრილს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ეგიდით ფოტოგამოფენა მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული 45-მდე ფოტო, რომლებზეც პრეზიდენტი, პირველი ლედი, მინისტრები, პარლამენტარები და ხელოვანები საჭესთან უსაფრთხოების ღვედით არიან გადაღებული. გვესაუბრება პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე.

- ირაკლი, რამ განაპირობა ასეთი შინაარსის გამოფენის მოწყობა?
- რევოლუციამდე "ვიდეოპატრულში" ვმუშაობდი, სადაც ხშირად მიწევდა ავტოსაგზაო შემთხვევების გადაღება. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ღვედით არ უსარგებლიათ, ბევრჯერ დაშავებულან მძღოლიც და მგზავრებიც. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვმგზავრობდი, ღვედი რომ შევიკარი, დამცინეს, - გეშინიაო, ზუსტად ხუთ წუთში ჩვენს მანქანას სხვა ავტომობილი გადმოუხტა წინ, რის გამოც გზიდან გადავედით და ხეს დავეჯახეთ. მანქანა შუაზე გაიჭრა.

უკანა სავარძელზე მჯდომი მანქანიდან გადმოვარდა, მძღოლი სავარძლებს შუა გაიჭედა, მე კი გაუნძრევლად ვიჯექი, მაშინ მომივიდა აზრად, რომ ღვედის გამოყენების პროპაგანდა აუცილებელია. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მშვენივრად იყენებენ ღვედებს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე კი ივიწყებენ. მოკლედ, იდეას ხორცი შევასხი და როგორც ხედავთ, ტყუილად არ მიშრომია.

- ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა მუშაობა?
- ყველაზე დიდი პრობლემა ფოტოსესიაში მონაწილე ხალხის და ჩემი გრაფიკის შეთავსება გახდა, თორემ თითოეული ფოტოს გადაღებას წუთიდან 5 წუთამდე დასჭირდა, რადგან გადაღებაზე რომ მივდიოდი, მოფიქრებული მქონდა, ვის როგორ და სად ვიღებდი. სხვათა შორის, პრეზიდენტი, სულ რაღაც, ერთი დუბლით გადავიღე.

- სად გადაიღე პრეზიდენტი?
- პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიყვანე ჩემი მეგობრის "შკოდა" და პრეზიდენტი უსაფრთხოების ღვედით საჭესთან მჯდომი გადავიღე. პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა მგზავრის როლში ისურვა გადაღება, მართალია, ის არაჩვეულებრივად მართავს ავტომობილს, მაგრამ საქართველოში საჭესთან არ ჯდება.

- პრეზიდენტი ღვედს ყოველთვის იკეთებს?
- ვინაიდან ის ვიპავტომობილით მოძრაობს, რომელსაც მინები დაბურული აქვს, არ შემინიშნავს, თუმცა როცა უცხოელ სტუმრებს იღებს და ავტომობილს თვითონ მართავს, ღვედი უკეთია, გადაღებულიც მაქვს ასეთი ფოტო - მას გვერდით მაკკეინი უზის და ღვედი ორივეს აქვს შეკრული.

- ირაკლი, ვინ თქვა უარი ამ პროექტში მონაწილეობაზე?
- უმეტესობა სიხარულით დამთანხმდა, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა ბავშვიც კი მოიყვანა და მასთან ერთად გადავიღე, კობა სუბელიანმა ჯიპში ისურვა გადაღება, დიღომში წავიყვანე, სადაც ოფროუდშეჯიბრებები იმართება ხოლმე და ძალიან საინტერესო გამოვიდა ტალახიან ჯიპში ღვედშეკრული მინისტრი, რომელსაც მოკლემკლავიანი პერანგი აცვია.

ოფროუდშეჯიბრებებზე თვითონაც ვმონაწილეობ და ეს რომ სუბელიანმა გაიგო, მთხოვა, მეც შემოგიერთდებითო. კახა ბენდუქიძემ პირდაპირ მითხრა, ეგ თემა არ მაინტერესებსო და მომეწონა, რომ ასეთი გულახდილია, პარლამენტარი მაგდა ანიკაშვილი თანახმა იყო, მაგრამ დროში ვეღარ ჩავეტიეთ. კიდევ ბევრმა მითხრა უარი, მაგრამ არ მინდა, დავასახელო, მთავარია, რომ გამომივიდა კანონის პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ქალაქშიც აიკრძალება უღვედოდ მგზავრობა.

მერე რა, რომ ქალაქში ნელა ვმოძრაობთ? სულ რაღაც, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას შეიძლება ავტომობილის წინა პარპრიზი თავით შეტეხო, რამაც, სულ ცოტა, ტვინის შერყევა შეიძლება გამოიწვიოს.

სოფო ყარალაშვილი
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.