24 საათი - უღვედო საქართველო

ტექნოლოგიურ პროგრესს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

სწორედ ამიტომ, XX საუკუნის მეორე ნახევარში, უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობაში ექიმი ჰანტერ შელდენიც დარწმუნდა და მის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შეიტანა.  

"ვოლვო" გახდა პირველი ფირმა, რომელმაც 1946 წელს ეს იდეა განახორციელა.

რატომ სარგებლობს უსაფრთხოების ღვედით მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს გარდა? როგორ შეიძლება ვერ ვხედავდეთ მისი აუცილებლობას? რატომ ვერ ვხვდებით, რომ ამით ჩვენს "განვითარებად" სახელმწიფოებრიობას ვუსვამთ ხაზს? რა არის ჩვენი პრობლემა, რატომ არის ეს ჩვენთვის მიუღებელი?

- გვიტყდება, გვეზარება, მოუხერხებლად ვგრძნობთ თავს. 

რა გვაჩერებს ერთი ხელის მოძრაობისგან? რატომ არ გვსურს, რომ ვიყოთ დაცულები? ვის ვეწინააღმდეგებით, ვის ვუდგებით ჯიბრში? რატომ "ვფასონობთ" სიცოცხლის ფასად? რას გვარგებს ეს უაზრო სიჯიუტე?

ბევრჯერ მინახავს გუდაურში საბაგიროზე ჩამომსხდარი მოზარდები, რომლებსაც ფეხის დასადები აწეული აქვთ და სიცოცხლის ფასად ეფიცხებიან მზეს.

ტრადიციად გვექცა აფრენისას და დაფრენისას მობილურით საუბარი, თვითმფრინავში უსაფრთხოების ღვედის არშეკვრა და ამაყად ცქერა მშიშარა უცხოელებისთვის. ვითომ, ჩვენი სიცოცხლე არაფრად გვიღირს?

რატომ ვერ ვხედავთ 70-პროცენტიან უსაფრთხოებას და რატომ ვეთამაშებით დანარჩენ 30 პროცენტს? რას ნიშნავს ეს 30 პროცენტი? რატომ ვფიქრობთ, რომ თუ მანქანის ტარება ვიცით, ავარიაში არ მოვყვებით?

ქართულ საზოგადოებას წინ დიდი ბრძოლა და შრომა ელის თავის თავთან საკუთარი მენტალიტეტის საბოლოოდ დასამარცხებლად. იქნებ, ვფიქრობთ, რომ, ზოგადად, ამდენ პრობლემას ერთი უსაფრთხოების ღვედის გაკეთება ვერაფერს უშველის?

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, როგორც მანქანა თავისი ნებით არ იქოქება, ისე უსაფრთხოების ღვედის გაკეთების გარეშე არ დაიძვრებოდა, მაგრამ პრობლემა არ არის ერთ ადამიანში, პრობლემა მთელ ქართულ საზოგადოებაშია. თუმცა, ყველაფრის მოგვარება შეიძლება: აი, მაგალითად, ჩვილების კვების დროს ხომ ვიყენებთ "ჩუქუ-ჩუქუ მატარებელს", ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ხერხი უნდა მოვიფიქროთ ინფანტილური ქართველებისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ უსაფრთხოების ღვედი, რომელიც თქვენს ტანზე ასო "L"-ს აღბეჭდავს, სულიერი არსებაა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - დაიცვას მოაზროვნე ადამიანი! ის თქვენი მეგობარია, პირადი მცველი. შეგიძლიათ მას შეყვარებულის როლიც მიანიჭოთ. ქართველებს ხომ გვიყვარს, შეყვარებულებს შებოჭილნი რომ ვყავართ. ღვედს არ აინტერესებს ადამიანის სიგრძე, სიგანე, თვისებები და კომპლექსები. მას არა აქვს გული და გონება (იმიტომ რომ ეს უკანასკნელი რომ გააჩნდეს, ალბათ, ქართველ მძღოლთან უკანა სავარძელზე ამჯობინებდა ჯდომას) და ცოტა მეტი თავისუფლებაც რომ ჰქონდეს ქართველებისგან მინიჭებული, ქართველების ტანზე კიდევ ორ ასოს ამოტვიფრავდა - "m" და "g" - Let me Go!

რა დავარქვა ამ პრობლემას? ვაჟკაცი ქართველი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია?

"ძველ" თაობას უნდა ვუსაყვედუროთ, "მოქმედ" თაობას გამოსწორებისკენ მოვუწოდოთ, ხოლო მომავალ თაობას შთავაგონოთ, ვასწავლოთ და განვანათლოთ ისე, რომ იაზროვნონ პროგრესულად და დაძლიონ ქართული კომპლექსები: დაასაქმონ უსაფრთხოების ღვედები და სურვილი აღუძრან მათ ქართველი მძღოლების მკერდზე შემდეგი ფრაზის ამობეჭდვის - Let me protect you!

ლუკა ქიმერიძე

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.