1 აგვისტოდან ღვედის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარება ძვირდება

მძღოლებს პირველი აგვისტოდან ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა გაუძვირდებათ. ასევე მკაცრდება ჯარიმები სხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვისაც. იმოქმედებს თუ არა ეს სანქცია მძღოლების სიფხიზლეზე, 1 აგვისტოდან გამოჩნდება. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე მედიას განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს, რომ აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად გაშუქდეს, რათა საზოგადოებამ გაიგოს ის ცვლილებები, რაც კანონში შევა.

მედიას ამ თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ რიგგარეშე სესიაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის პროექტის დამტკიცებისას გააკეთა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ იქნა მიღებული და მიღებული ცვლილებების ამოქმედების ვადაც გუშინ გაირკვა. როგორც მისმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, მთავრობასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.

კანონპროექტით იზრდება ჯარიმების ოდენობა სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის, ღვედის გამოუყენებლობისთვის, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული შემოწმების თავის არიდებისთვის, შუქნიშნის დაუმორჩილებლობისთვის და ა.შ. გადამეტებული სიჩქარე კანონპროექტში ნახსენები არ არის.

ასევე მკაცრდება კანონი ესკორტის მოძრაობის ხელის შეშლილისთვის. დღემდე მოქმედი ნორმით, იმ მანქანების შეფერხება, რომლებზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები და რომლებიც ახორციელებენ ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, იწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით. ხოლო უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს 300 ლარით აჯარიმებენ.

1 აპრილიდან კი აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი, 300 ლარის ნაცვლად, 500-ით დააჯარიმებენ. ეს არ ეხება იმ უცხოელს, რომელიც საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იმუნიტეტით სარგებლობს.
მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას (დღეს ჯარიმა 20 ლარია).

მანქანის მართვისას სიმთვრალეში, 150 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, ტრანსპორტის სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის, 170 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაისჯება.
აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი გახდება.

მიღებული ცვლილების თანახმად, "ჯარიმის და/ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდეს." ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000-ლარიან ჯარიმას.

ამასთან, ეს ნორმა ამოქმედდება, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია ერთი წლის ვადით. თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია ორი წლით, მაშინ, საურავთან ერთად, პირს დამატებით 1500-ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ამ ცვლილებების არგუმენტად დანაშაულის პრევენცია სახელდება.
"ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა. მიზანი არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა რომ შევამციროთ ის მსხვერპლი, რაც სიმთვრალის და სხვა წესების დარღვევების გამო გზებზე ხდება," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელის გამკაცრებას ოპოზიციაც მიესალმება, თუმცა, როგორც გია ცაგარეიშვილი ამბობს, "პატრულმა თავისი მოვალეობა წესიერად უნდა შეასრულოს და მარტო მთვრალ მძღოლებს კი არ უნდა სდიოს, არამედ იმათაც, ვინც შეიძლება ნასვამი არ იყოს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. რაც მთავარია, ეს არ უნდა იქნას ადამიანების საწინააღმდეგოდ გამოყენებული, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის."

"არ შეიძლება ის ადამიანი, ვისაც ერთი ჭიქა ლუდი აქვს დალეული ისევე დავაჯარიმოთ, როგორც ნასვამი ადამიანი," - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მის მოთხოვნას მხარი ნუგზარ ერგემლიძემაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ გერმანიაში დაშვებულია მანქანის მართვა მაშინ, როდესაც ადამიანს ორი კათხა ლუდი აქვს დალეული.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ გაიზიარა იმ არუგმენტით, რომ "ნასვამი ადამიანი არის ნასვამი და მნიშვნელობა არ აქვს, მას ერთი ჭიქა აქვს დალეული, სამი თუ ათი".

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.