ფლეშმობი "გამატარე

ხუთშაბათს, 4 აგვისტოს, გაეროში საქართველოს ახალგაზრობის წარმომადგენლის, თათია დოლიძის, ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საგზაო უსაფრთხოების პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება "‪#‎გამატარე‬!", რომელიც მოიცავდა ერთსაათიან საინფორმაციო სესიასა (ექსპერტის მოხსენება, ფილმის ჩვენება, თემატური წიგნის პრეზენტაცია, დისკუსია) და ახალგაზრდების Flash Mob-ს უშუქნიშნო "ზებრა" გადასასვლელზე. ღონისძიებას მხარს უჭერდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ('დედა' სამინისტრო, რომელიც გაეროს ამ მანდატს საქართველოში კურირებს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (რომელმაც უზრუნველყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. მათსავე საგზაო უსაფრთხოების კამპანიას "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" მიეძღვნა ზემოაღნიშნული ფლეშმობიც).

დეტალური აღწერა: 
საგზაო უსაფრთხოებისა და მობილობის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, გელა კვაშილავამ, წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე "ქალაქი ადამიანებისთვის: როგორი ქუჩები გვინდა". ასევე გაიმართა საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-დისკუსია. 
დასასრულს, 'რადარამის' აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ადუაშვილმა, წარადგინა ტომ ვანდერბილთის ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი "საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ და რას ამბობს ეს ჩვენს შესახებ", რომლის 70-მდე ეგზემპლარი დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადაეცა. 
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ამ საინფორმაციო სესიის დასასრულს, სტუმრებმა გადაინაცვლეს ამავე უნივერსიტეტის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცეკვაო სტუდია "მოდერნის", "swaggers", Cross Riders" და მოხალისეების მონაწილეობით ფლეშმობი მოეწყო. ახალგაზრდები გამოწყობილნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" მაისურებში.

საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა გაეროს მდგრადი განვითარების პირველი (სიღარიბის დაძლება), მე-3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა) და მე-11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები) მიზნების მიღწევის გზაზე. მსოფლიოში ყოველწლიურად გზებზე 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 50 მილიონი შავდება. აქედან დაახლოებით 400 000 კი 25 წლამდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 1000 ახალგაზრდას ვკარგავთ საგზაო შემთხვევების შედეგად. 1.8 მილიარდი სკოლაში მიმავალი ბავშვიდან კი 500 დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. გადაარჩინე სიცოცხლე!

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.