ჟურნალი ლიბერალი - "არაფერი პირადი, მხოლოდ სტატისტიკა"

არაფერი პირადი, მხოლოდ სტატისტიკა

მარკ მალენი,

მთავრობამ უზრუნველყო, რომ გზებზე აღარ არის ორმოები, რომლებიც გვაფერხებდა, საჭიროა, ახლა ჩვენი სიცოცხლეც გადაარჩინოს - შემოიღოს უსაფრთხოების ღვედების გაკეთების საყოველთაო ვალდებულება და სიჩქარის შეზღუდვები.
თბილისის აეროპორტში ჩამოსვლა დიდებულია. მას აქვს ზუსტად ის ეფექტი, რაც ჩაფიქრებული იყო, რომ ჰქონოდა. ქვეყნის სტუმრებს ექმნებათ პირველი შთაბეჭდილება, რომ საქართველო მოდერნიზებული, კარგად ორგანიზებული ქვეყანაა. ვინც შემდეგ ტაქსით განაგრძობს გზას, ნახავს ისევ ძველ საქართველოს და ეს პირველი შთაბეჭდილება შეეცვლება.
დასავლეთი ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში და დანარჩენი მსოფლიოს უმრავლეს ნაწილში, მანქანით მგზავრობისას იკეთებენ უსაფრთხოების ღვედს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ და ახლაც ქალაქის ტაქსებში მძღოლი პერსონალურ შეურაცხყოფად იღებს, თუ უსაფრთხოების ღვედს გაიკეთებ. ის ტაქსისტები, რომლებსაც მგზავრები აეროპორტიდან მიჰყავთ, ამ ჩვევას უკვე შეეჩვივნენ, მაგრამ მგზავრები ხედავენ, რომ მძღოლს ღვედი არ უკეთია (მძღოლი ყოველთვის კაცია) და გრძნობენ, რომ მათი საქციელი ერთგვარი შეურაცხყოფაა. როდესაც მანქანა ჯორჯ ბუშის ქუჩას უახლოვდება, ის 140 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას იწყებს.

განვითარებულ ქვეყნებში ტაქსები ამ სიჩქარით არასდროს დადიან. ეს ძალიან საშიშია მანქანაში მსხდომებისა და მის გარეთ მყოფებისთვისაც. ეს კანონსაწინააღმდეგოა და ეს მგზავრებს, უბრალოდ, არ უნდათ. საქართველოში კი, თუ მგზავრი მძღოლს სთხოვს, რომ სიჩქარეს დაუკლოს, მძღოლი ამაყად განაცხადებს, რომ მანქანას, უკვე N წელიწადია, რაც მართავს, და ავარია არასდროს მოსვლია.

ამ კულტურული ურთიერთგაუგებრობის მიზეზი შეხედულებებს შორის განსხვავებაა. საქართველოში მძღოლი ამას უყურებს პირადი გადასახედიდან. ეს მისი მანქანაა, ის კარგი მძღოლია და არ სჯერა, რომ ავარიაში მოჰყვება. მაღალი სიჩქარით იმიტომ დადის, რომ გზაზე არავინაა და ასფალტიც დაგებულია (როგორც იქნა, ამდენი წლის შემდეგ!). მან იცის, რომ ავარია არ მოუვა მხოლოდ იმიტომ, რომ უტყუარი საბუთი აქვს - მანქანით მანამდე უბედური შემთხვევა არასდროს ჰქონია. ეს მისი საქმეა და იცის, რასაც აკეთებს. მას თან უნდა, რომ უკან აეროპორტში მიასწროს და ახალი მგზავრი აიყვანოს. მგზავრი და მძღოლი ერთმანეთთან ეფექტურ კომუნიკაციას ვერ დაამყარებენ. მგზავრი იფიქრებს, რომ მძღოლი უპასუხისმგებლო, საშიში და ეგოისტია. მძღოლი იფიქრებს (თუ საერთოდ ფიქრობს მგზავრზე), რომ მგზავრი გამაღიზიანებელი და მშიშარაა.

უცხოელი მგზავრი კი ამ სიტუაციას სტატისტიკურად შეხედავს. ის ფაქტი, რომ მძღოლს არასდროს ჰქონია ავარია, ცხადზე ცხადია, რადგან ამ სიჩქარით მიმავალს ავარია რომ მოსვლოდა, ცოცხალი ვერც თავად გადარჩებოდა და ვერც მისი მგზავრები. უსაფრთხოების ღვედის გაკეთებას არაფერი საერთო არ აქვს მძღოლის მოსაზრებებთან. ეს არის ნაბიჯი, რომელიც არანაირ განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს და აუმჯობესებს იმის სტატისტიკურ ალბათობას, რომ ცხოვრების მანძილზე მანქანით მგზავრობისას გადარჩე. იმ ფაქტს, რომ ღვედები განვითარებულ ქვეყნებში სავალდებულოა, მანქანის მართვის უნართან საერთო არაფერი აქვს. ის ძირითადად დამყარებულია სტატისტიკურ მონაცემებზე. ღვედის გარეშე, მაღალი სიჩქარით მოძრაობა ზრდის იმის ალბათობას, რომ შეჯახების შემთხვევაში, დაიღუპები. ასე რომ, არაფერი პირადი, მხოლოდ სტატისტიკა.

მთავრობამ საქართველოში გზების შეკეთებით კარგი საქმე გააკეთა, რასაც ყველა აფასებს, მაგრამ ბევრი, მათ შორის ისინიც, ვინც საჯარო მოხელეებს დაატარებენ, ამ გზებს ისე იყენებენ, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავარიების და ავარიებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს. საზღვარგარეთ ჩემი ნაცნობების უმრავლესობას არ ჰყავს არც ერთი საგზაო ავარიაში დაღუპული ნაცნობი. ქართველების უმრავლესობა კი, პირიქით - ბევრ ასეთ ადამიანს იცნობს. ასე რომ, ახლა როდესაც მთავრობამ უზრუნველყო, რომ გზებზე აღარ არის ორმოები, რომლებიც გვაფერხებდა, საჭიროა, ახლა ჩვენი სიცოცხლეც გადაარჩინოს - შემოიღოს უსაფრთხოების ღვედების გაკეთების საყოველთაო ვალდებულება და სიჩქარის შეზღუდვები. პირადი დამოკიდებულებები ამ საკითხების მიმართ განსხვავებულია, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს რეალობას; ხოლო სტატისტიკა სწორედ ამისთვისაა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.