AUTO BILD - შეიკარი ღვედი, დაიზღვიე ბედი!

ყოველდღიურად დედამიწის სხვადასხვა წერტილში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სამი ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, მათ შორის დაახლოებით 500 მცირეწლოვანი ბავშვია, ათასობით ახალგაზრდა კი დაშავების შედეგად ინვალიდდება ან სერიოზულ ტრავმებს იღებს. 21-ე საუკუნის მსოფლიოში საგზაო შემთხვევები მისი ფატალური შედეგებით კოშმარად იქცა. 
როცა ასპარეზზე პირველი ავტომობილები გამოჩნდა, რომელთა სიჩქარე მინიმუმ 16 კმ/სთ და მაქსიმუმ 24 კმ/სთ იყო, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გამოგონებას ოდესმე ასეთი მძიმე სტატისტიკა დაუკავშირდებოდა. თუმცა, ავარიები ასეთი დაბალი სიჩქარის პირობებშიც ხდებოდა. არ ვიცი, 1896 წლის 30 მაისს ნიუ-იორკში 16კმ/სთ სიჩქარით მავალი ჰენრი უელსი რა მიზეზით დაეჯახა ველოსიპედისტს, რომელსაც მხოლოდ ფეხი დაუზიანდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღეს, როცა მსოფლიოში 50-მდე ავტოკომპანია დაუნდობელი კონკურენციისა თუ საკუთარი ბრენდის წარმოჩენის პირობებში ყოველწლიურად ცვლის და აუმჯობესებს თავისი ფირმის ავტომობილებს, პარალელურად, თითქოს ბედის ირონიით, ავტოკატასტროფების რიცხვიც მატულობს.  
თავის დროზე სწორედ საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით გამოიგონა შვეციელმა ინჟინერმა უსაფრთხოების ღვედი და ძალიან სწრაფად მან მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. პირველად იგი 1959 წლის აგვისტოში გამოიყენეს. თავდაპირველად ღვედებს მხოლოდ ქალაქგარეთ გასვლის დროს იკრავდნენ, შემდეგ კი ეს სავალდებულო გახდა ყველა ტიპის გზაზე. თავისი არსებობის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უსაფრთხოების ღვედის წყალობით დაღუპვას ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გადაურჩა. ქალაქში ღვედის გამოყენება დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, რომ იქ დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის ჩვენთან შედარებით მაღალი შეზღუდვაა _ 30კმ/სთ. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ესეც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ავტოავარიას მძიმე შედეგი მოყვეს. საქართველოში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენთან დღემდე დასახლებულ ტერიტორიაზე ძირითადად 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობაა დადგენილი, მძღოლები კი ღვედს ყველა ტიპის ტრასაზე არ იყენებენ. თანაც ჯერჯერობით უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენებაც არ არის სავალდებულო.
ამ პრობლემაში უკეთ გასარკვევად სხვადასხვა კატეგორიის მძღოლებს გავესაუბრე, ვკითხე, რას ფიქრობენ ღვედის გამოყენებაზე? იქნებ, საერთოდ ზედმეტ ბარგად მიაჩნიათ? უსაფრთხოების ღვედისადმი მძღოლების პასუხი არაერთგვაროვანი იყო. ერთი ნაწილი გამომიტყდა, რომ დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ამ დროს ქალაქის პირობებში ღვედის გამოყენება ზედმეტია, ამიტომ მას მხოლოდ ავტომაგისტრალზე ირგებს, ნაწილი შეკრულ ღვედში საშინელ დისკომფორტს განიცდის, იყვნენ რესპოდენტები, რომლებიც ნაკლებად აცნობიერებენ ღვედის დანიშნულებას და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას აპროტესტებენ. საბოლოოდ კი უმრავლესობა მაინც დაეთანხმა იმას, რომ ღვედი ამცირებს დაღუპვისა და სერიოზული ტრავმების საფრთხეს. 
დღეს საქართველოში ახალი გზები კეთდება და ისინი ევროპულ სტანდარტებს ექვემდებარება, ასევე მატულობს უახლესი მოდელების ავტომობილების რიცხვი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დაცვისთვის ყველა საჭირო მომენტი უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდეს და ერთ წამში შეიცვალოს ნებისმიერი ადამიანის, როგორც მძღოლის, ისე ქვეითად მოსიარულის ცხოვრება. ამისგან არავინ არის დაზღვეული. ცხადია, საჭესთან ცუდი ზრახვებით არავინ ჯდება და არც უბედური შემთხვევების შიშის გამო ვიტყვით უარს ავტომობილების მართვაზე, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი ყურადღება დავუთმოთ უსაფრთხოების წესების დაცვას. 
ერთი რამ ცხადია, ვერც ერთი კანონმდებლობა, ჯარიმა, სანქცია, რეკლამა და სხვა სახის აქცია საბოლოოდ ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, თუ თვითონ მძღოლმა არ გაითავისა და მკაცრად არ გააკონტროლა უსაფრთხო მგზავრობისთვის საჭირო ყველა პრინციპი, მათ შორის, უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობა. ეს კომფორტული მგზავრობის მყარი გარანტიაა. თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ უსაფრთხოების ღვედი, ამაზე რამდენიმე კეთილ რჩევას მოგცემთ: 
• უსაფრთხოების ღვედის გამოყენება 50%-ით ამცირებს სერიოზული საგზო დაზიანების რიცხვს, ხოლო 60-70%-ით დაღუპვის შემთხვევას. 
• მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ღვედი უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი დისტანციისა და სიჩქარის დროს, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა 75% სახლიდან 25 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. 
• ავტოკატასტროფაში დაშავებულთა ნახევარზე მეტი 60 კმ/სთ და ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა. 
• ავტოკატასტროფაში მძღოლის დაღუპვის შესაძლებლობა 25-ჯერ მეტია ღვედის გმოუყენებლობის შემთხვევაში, როდესაც იგი მანქანიდან სპონტანურად ვარდება. 
ვის არ შესძრავს ავტოსაგზაო შემთხვევების დღევანდელი კოშმარული სინამდვილე, სადაც ადამიანის მსხვერპლთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, არავინაა გამარჯვებული და ყველა მხოლოდ დამარცხებულია. არ ჩამორჩეთ დროს, ვისწავლოთ უსაფრთხოების დაცვა და კარგ გზებზე კარგად დაცულებმა ვიაროთ. შეიკარით ღვედი საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლისთვის. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.